1SPORT

1SPORT

თვითმფრინავში 40 ლიტრი ღვინო ავიტანეთ' - იუბილარი ჯანაშიას ისტორიები

თვითმფრინავში 40 ლიტრი ღვინო ავიტანეთ' - იუბილარი ჯანაშიას ისტორიები

ქართველ ფეხბურთელ ზაზა ჯანაშიას დღეს 45 წელი შეუსრულდა. მან სახელი მოსკოვის ლოკომოტივში თამაშით გაითქვა, რომლის მაისურითაც 51 გოლის გატანა მოახერხა და დღემდე, ამ კლუბის ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირად რჩება. ლოკომოტივის ქომაგებს გოლების შემდეგ მისი საფირმო მალაყებიც კარგად ახსოვთ. ამ დღესთან დაკავშირებით რუსულმა Sports.ru-მ ჯანაშიასვე მოყოლილი რამდენიმე ისტორია გაიხსენა.
“ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ლოკომოტივთან ერთად საგარეო მატჩებიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში კოკა-კოლას ბოთლში ჩასხმული ვისკი დამქცევია. ნელ-ნელა ვსვამდი ხოლმე, “ჩივასს”, თუმცა, ბევრს არა. ბიჭები თამაშების მერე უფრო ლუდს ეტანებოდნენ, თუმცა, მე ის ცუდად მხდიდა. მუცელი მებერებოდა და რატომ უნდა დამელია?
მართალი გითხრათ, მოსკოვამდე სასმელს არ ვეტანებოდი. ლოკომოტივში მასწავლეს ბიჭებმა, მაშინ მეგობრული გუნდი გვყავდა. ბაზაზე ვიჯექით, ვსაუბრობდით... როდესაც თასების თასის 1/4-ფინალიდან ბრაგა გავაგდეთ, მთელი ღამე მოვულხინეთ. პორტუგალიური სასტუმრო ფეხზე დავაყენეთ. ჩემთვის გამოცანაა, ახლანდელ ფეხბურთელებს რა სჭირთ. ვარჯიში სრულდება და წუთის შემდეგ ბაზაზე აღარავინაა.
გგონიათ, საქმე ფულშია და მილიონები რომ გვქონოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა? სიტყვას გაძლევთ – ზუსტად იგივე მოხდებოდა. კლუბში ისეთი ხალხი იყო შეკრებილი. ჩვენ ხომ იმ დროისთვის მდიდარ ხალხად ვითვლებოდით. ბინა, მანქანა. თვითონ მწვრთნელი სიომინი ქმნიდა ამ ატმოსფეროს. დღეს რუსეთის ჩემპიონატში ნაღდი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან.
ზაზა ჯანაშია რუსეთის ჩემპიონატის ლეგენდათა მატჩში
ზაზა ჯანაშია რუსეთის ჩემპიონატის ლეგენდათა მატჩში
გინდათ, ფულთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით? ლოკომოტივის ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატების თხოვნით არასდროს შევსულვარ. არადა, დღეს მხოლოდ ამას აკეთებენ. კლუბის პრეზიდენტი ფილატოვი მეუბნებოდა: “ზაზა, შენ ყველაფერი გექნება, უბრალოდ, ითამაშე! ფულზე არ იფიქრო”. არც ვფიქრობდი. როდესაც სეზონი სრულდებოდა, კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში მიბარებდნენ, სიომინიც იქ იყო ხოლმე. “ზაზა, შენი თამაშით კმაყოფილები ვართ. ახალი კონტრაქტი ახალი პირობებით იქნება”. მეც უკეთ სათამაშოდ სტიმული მქონდა! ახლა კი, როდესაც ხელფასი 100 ათასი დოლარი გაქვს, პრემიალურებს რატომ უნდა ითხოვდე? მიმიფურთხებია მათთვის.
მახსოვს, როდესაც თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა ითამაშეს, პირდაპირ თვითმფრინავში 40 ლიტრი ღვინო ავიტანეთ. დიდებული ღვინო იყო, წითელი. დედამ გააკეთა. მე და ჩუგაინოვმა ერთად ავზიდეთ 2 უზარმაზარი ბოცა. აგვაქვს ბორტზე და რას ვხედავთ – იქ უკვე უამრავი ღვინოა. ყუთებით აწყვია! ქართველებმა აჩუქეს. არც კი ვიცი, ეს ჩარტერი როგორ აფრინდა. მთავარი ისაა, რომ როდესაც თვითმფრინავში ავედი, სიომინი უკან აღარ მიშვებს. მეუბნება, აქ არ დაგტოვებო. ვეკითხები: “და ბილეთი?” – “მოიცა, რა ბილეთი... პასპორტი ხომ გაქვს”. პასპორტი მქონდა. ასე წავედი მოსკოვში. იქ ნაკრებს ავტობუსი პირდაპირ ტრაპთან დახვდა და შემოწმება არც ჩაუტარებიათ.
მხიარული დრო იყო! ერთხელ, 1997 წელს ევროთასების მატჩზე გამგზავრების წინ, რესტორანში მაგრად მცემეს. გოგონასთან ერთად ვიმყოფებოდი. ვიღაც ტიპი მოვიდა და შეურაცხყოფა დაგვიწყო. ვეუბნები, “ბიჭი, რამე ხომ არ გეშლება-თქო?” – “არა, შენს გარდა ხედავ ვინმესო?”. ცოტა დავფიქრდი, თუმცა, ჩხუბში ჩავერთე, აღმოჩნდა, რომ იქვე მისი არაერთი მეგობარი იყო. ყველანი დამესიენ და ცემა დამიწყეს. ცხვირი გამიტეხეს. დაცვას ვუთხარი, რომ მილიციის გამოძახება საჭირო არ იყო. მანქანით სახლამდე მივედი და ექიმ მიშალოვს დავურეკე. ის მაშინვე მოვიდა, ლოკომოტივი კი მე-2 დღეს თამაშზე ჩემს გარეშე გაფრინდა.
კიდევ ჩემზე ჭორები დადიოდა, რომ ბაზარში კუთხე მქონდა, თუმცა, ეს ტყუილია. ჩემი მეგობრები ვაჭრობდნენ. ზოგჯერ მათთან ხილს ვყიდულობდი და ბაზაზე მიმქონდა, რათა სანამ ვვარჯიშობდით, მეუღლეებსა და ბავშვებს ეჭამათ. ფეხბურთელების ოჯახები იქ ხშირად მოდიოდნენ. ჰოდა, გუნდში ხუმრობდნენ: ზაზას, ალბათ, ბაზარში დახლი აქვსო. რომელიღაც ჟურნალისტმა ეს გაიგონა და ჩემზე მორიგი ლეგენდაც ასე წარმოიქმნა”.
შეგახსენებთ, რომ ჯანაშია საქართველოში ზუგდიდის ოდიშში, თბილისის შევარდენი 1906-სა და სამტრედიაში თამაშობდა, მოსკოვის ლოკომოტივის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივში ჩამოვიდა, კარიერის ბოლოს კი, თურქული ქოჯაელისპორისა და რუსული ბალტიკას მაისურიც მოირგო. ზაზას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
📺 ზაზა ჯანაშია ლოკომოტივში [xfgiven_embed]
[/xfgiven_embed]
მსგავსი სიალხეები
რეკლამა
[/banner_lidercatfishdesktop [/banner_lidercatfishmobile]