საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მარჯვენა მცველი ვილი სანიოლი!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ონლაინ-რეჟიმში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზე იმსჯელეს და 43 წლის სანიოლი ნაკრების დამრიგებლის პოსტზე დაამტკიცეს. ფრანგის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. კონტრაქტი 2-წლიანია 2+2 სისტემით გაფორმდა.

საქართველოს ნაკრები 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უმწვრთნელოდ იყო. ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხის შემდეგ გუნდიდან წასვლა დააანონსა. სლოვაკმა ნაკრებს ამის შემდეგ სომხეთთან მატჩში უხელმძღვანელა (1:2), მაგრამ წაგების შედეგ პოსტი ვადაზე ერთი თამაშით ადრე დატოვა და ესტონეთთან (1:1) ეროვნული გუნდის დამრიგებელი რამაზ სვანაძე იყო. ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა და 48 თამაშიდან მისმა გუნდმა 16 მოიგო, 16-ჯერ ფრე ითამაშა და ასევე 16-ჯერ დამარცხდა.