'დღეს ვაჩვენეთ, რომ ერთიანნი ვართ' - საუკეთესო ფეხბურთელი გახსნის მატჩზე

Jun 12, 2026 - 16:03
 1
'დღეს ვაჩვენეთ, რომ ერთიანნი ვართ' - საუკეთესო ფეხბურთელი გახსნის მატჩზე

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხულიან ქინიონესი დაასახელეს, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც მექსიკელი გახდა. 

104-მატჩიანი მარათონული მსოფლიოს ჩემპიონატი "აცტეკაზე" მექსიკის უპირობო გამარჯვებით დაიწყო სამხრეთ აფრიკულ "ბაფანა ბაფანასთან" - 2:0. ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მუნდიალის პირველი გოლის ავტორი ხულიან ქინიონესი დასახელდა.

საუდის არაბეთის ლიგის "ოქროს ბუცის" მფლობელმა (33 გოლით მან ტონის, რონალდოსა და ფელიქსს აჯობა) ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. 

"ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი პირველი გოლი გავიტანე მუნდიალზე და ეს ამ საოცარ სტადიონზე მოვახერხე, ბრწყინვალე გულშემატკივრების თვალწინ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბიჭებმა პირველი სამი ქულის მოსაპოვებლად გააკეთეს მოედანზე. ამ დღეების განმავლობაში ფანების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, დღეს კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ", - განაცხადა ქინიონესმა მატჩის შემდეგ.

29 წლის ხულიან ქინიონესი მექსიკის ნაკრების ნატურალიზებული ფეხბურთელია, 2023 წლამდე ის კოლუმბიის მოქალაქე იყო და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. 2016 წლიდან ის მექსიკურ კლუბებში თამაშობდა, სანამ 2024-ში საუდის არაბეთში, ალ-ქადისიაში არ გადავიდა. პირველ სეზონში მან 20 გოლი გაიტანა, ახლა კი - 33. მექსიკის ნაკრების მაისურით მან მესამე გოლი გაიტანა, პირველი 2024 წლის შემდეგ.

მე-2 ტურში მექსიკა 19 ივნისს (05:00 თბილისის დრო) სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

What's Your Reaction?

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0